რა არის პოდაგრის შეტევა?

პოდაგრის  პირველი შეტევა უპირატესად აღმოცენდება ღამით, გამოწვეულია შარდმჟავას დონის უეცარი მომატებით, მაგალითად, დიდი რაოდენობით ხორცის მიღების ან  ბევრი ლუდის დალევის შედეგად. პოდაგრა მტკივნეულია. ტკივილი გამოწვეულია დაზიანებული ადგილის ანთებით და შეშუპებით. პოდაგრის უეცარი შეტევა შეიძლება გაგრძელდეს საათების ან რამდენიმე დღის განმავლობაში და ახლავს ძლიერი ტკივილი.

პაციენტს აღვიძებს ძლიერი ტკივილი ერთ სახსარში, უპირატესად, ფეხის ცერა თითში. სამედიცინო ჩარევის გარეშე, ტკივილი, ჩვეულებრივ, რამოდენიმე დღე გრძელდება. ანთება გარედანაც შეიძლება იყოს შესამჩნევი მიმდებარე ქსოვილის სიწითლისა და შეშუპების სახით.

სახსრის პოდაგრის შეტევაზე ეჭვი უნდა მივიტანოთ, როდესაც:

  • დაზიანებული სახსარი ძალიან მტკივნეულია;
  • სახსარი შეწითლებული, შეშუპებული  და შეხებისას ცხელია;
  • დაზიანებული სახსარი შეიძლება მომეტებულად იყოს მგრძნობიარე შეხებაზე. შეიძლება აღინიშნოს სხვა სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, გულისცემის აჩქარება ან საერთო სისუსტე

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პოდაგრის შეტევა?

მკურნალობის გარეშე, პოდაგრის შეტევა შეიძლება 1-2 კვირა გაგრძელდეს, ვიდრე არ ჩაცხრება ანთება და გაივლის ტკივილი. ჩვეულებრივ, დაზიანებული სახსრის ირგვლივ კანი იქერცლება; ასევე, დამახასიათებელია ამ მიდამოს ქავილი.

სად შეიძლება აღმოცენდეს პოდაგრის  შეტევა?

შეიძლება დაზიანდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილი. ადრეულ სტადიებზე, პოდაგრა აზიანებს შემდეგ სახსრებს:

პოდაგრა ასევე აზიანებს რბილ ქსოვილებს, თირკმელებს, გულს, ნაწლავებს და სხვა ორგანოებს.

რა უნდა გააკეთოთ, თუ პოდაგრის  შეტევა გაქვთ?

თუ ფიქრობთ, რომ პოდაგრის შეტევა ან პოდაგრისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაქვთ, მიმართეთ ექიმს. ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობას, რომელიც ხელს შეუწყობს ტკივილის შემსუბუქებას და დაავადების მართვას. მართალია პოდაგრის შეტევები ხშირად უპირატესად ღამით ვითარდება, მაგრამ ამის გამო ნუ მოერიდებით გადაუდებელ სამედიცინო დამარებას.

როგორ უნდა გაუმკლავდეთ პოდაგრის მტკივნეულ შეტევას?

პოდაგრის შეტევა აღმოცენდება მოულოდნელად და, ჩვეულებრივ, ძალიან მტკივნეულია. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს პურინით მდიდარი საკვებით (მაგალითად, ხორცი ან ზღვის პროდუქტები) ან გადამეტებული სმით (ლუდის და სხვა ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მოხმარება), უჩვეულო გადაძაბვით ან ინფექციური დაავადებით. თუ ღამით ან გამთენიისას გაგაღვიძათ შეშუპებული, შეხებისას მგრძნობიარე სახსრის ძლიერმა ტკივილმა, სწრაფად უნდა იმოქმედოთ. ქვემოთ მოცემულია ის  ნაბიჯები, რომლებიც შეგიძლიათ გადადგათ პოდაგრის ტკივილის შესამსუბუქებლად.

ტკივილის შემსუბუქება: რა შეგიძლიათ გააკეთოთ?

მიიღეთ მედიკამენტი

მკურნალობა დაიწყეთ დაუყოვნებლივ, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებით. 65 წელს ზემოთ არ არის მიზანშეწონილი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება, განსკუთრებით, თუ პაციენტს აქვს თირკმელების პრობლემები; ასევე, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს უნდა ერიდონ ხანდაზმულები კუჭის წყლულისა და კუჭიდან სისხლდენის ისტორიით.

განაგრძეთ თქვენთვის დანიშნული მედიკამენტის მიღება

პოდაგრის ახალი შეტევის დროსაც და აცნობეთ ექიმს, რაც შეიძლება მალე.

დაზიანებული მიდამოს გაგრილება

ცივი საფენის ან პირსახოცში გახვეული ყინულების დადება დაზიანებულ მიდამოზე შეამსუბუქებს ტკივილს და ანთებას. ეს 20-30-წუთიანი გაგრილების პროცედურა გაიმეორეთ დღეში რამდენიმეჯერ.

ეცადეთ, იყოთ მოსვენებულ მდგომარეობაში და დაიხმარეთ ორთოპედიული ხელჯოხი

თუ ქვედა კიდური გაქვთ დაზიანებული, მოათავსეთ ის ბალიშზე (ფეხი აწეული უნდა იყოს გულმკერდის დონის ზემოთ). ეს შეამცირებს შეშუპებას.

მწვავე შეტევის დროს ორთოპედიული ხელჯოხის გამოყენება შეამცირებს მტკივნეულ სახსარზე ზეწოლას.

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე

ბევრი სითხე ხელს უწყობს შარდმჟავას გამორეცხვას ორგანიზმიდან (ტკივილის მიზეზი) და თირკმელში კენჭების წარმოქმნის თავიდან აცილებას. უნდა მიიღოთ დღეში 2 ლიტრი სითხე, რომლის ნახევარი მაინც უნდა იყოს წყალი.

მიმართეთ ექიმს

მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა დაიწყოს შეტევის პირველი 24 საათის განმავლობაში. ადრეული მკურნალობა ამცირებს შეტევის სიმძიმეს და ხანგრძლივობას.

შეცვალეთ თქვენი კვებითი ჩვევები

საკვები რაციონიდან გამორიცხეთ პურინებით მდიდარი პროდუქტები - წითელი ხორცი, ზღვის პროდუქტები, ნამცხვრები და საწებლები.

მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, განსაკუთრებით, ლუდს

მნიშვნელოვანია ალკოჰოლური სასმელების, განსაკუთრებით, პურინებით მდიდარი ლუდის შეზღუდვა. ალკოჰოლი ასევე გავლენას ახდენს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოდევნაზე.

იყავით მშვიდად!

სტრესი ამძაფრებს პოდაგრას, ამიტომ ეცადეთ, მოდუნდეთ და დამშვიდდეთ: უყურეთ ფილმს, ესაუბრეთ მეგობარს, წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ მუსიკას ან დაკავდით მედიტაციით.

ასევე შეიძლება საინტერესო იყოს

შარდმჟავას დონე

შარდმჟავას დონე

შარდმჟავა ორგანიზმში წარმოიქმნება მიღებული საკვების (მაგ., ხორცის) გადამუშავების პროცესში ნუკლეინის მჟავებისა და პურინების დაშლის შედეგად...

გაიგეთ მეტი
გრძელვადიანი მკურნალობა

გრძელვადიანი მკურნალობა

პოდაგრის გრძელვადიანი მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია კვებითი ჩვევების შეცვლა, წონაში დაკლება და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში...

გაიგეთ მეტი